„როიტერის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ვიეტნამისთვის იარაღის გადაცემის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
„როიტერის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ვიეტნამისთვის იარაღის გადაცემის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვიეტნამისთვის იარაღის გადაცემის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, იგეგმება პაკეტში ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შეყვანაც. წყაროების ცნობით, აღნიშნული შეთანხმება მომავალი წლის განმავლობაში უნდა დაიდოს.

სააგენტო წერს, რომ შეთანხმება ადრეულ ეტაპებზეა, მის ზუსტ პირობებზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს საკითხი მხარეთა ოფიციალური მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული და პერსპექტიული ურთიერთობა ვიეტნამთან უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენ ვხედავთ მათ ინტერესს აშშ-ის ზოგიერთი სისტემის მიმართ, განსაკუთრებით ისეთი სისტემის, რომელიც დაეხმარება მათ, უკეთ გააკონტროლონ თავიანთი საზღვაო საზღვრები, სატრანსპორტო თვითმფრინავები და სხვა პლატფორმები“, – განუცხადა „როიტერს“ წყარომ ამერიკის ოფიციალური პირებიდან.