ავსტრიის კანცლერი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, თანამშრომლობასა და სრულფასოვან წევრობას შორის შუალედური ეტაპის ინიციატივით გამოვიდა
ავსტრიის კანცლერი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, თანამშრომლობასა და სრულფასოვან წევრობას შორის შუალედური ეტაპის ინიციატივით გამოვიდა

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, თანამშრომლობასა და სრულფასოვან წევრობას შორის შუალედური ეტაპის ინიციატივით გამოდის.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავსტრიის კანცლერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეჰამერის ინიციატივით, ე.წ. მოსამზადებელი ეტაპი დაეხმარება აღნიშნულ ქვეყნებს, მიაღწიონ ევროკავშირის სტანდარტებს, ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) ან ევროპის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მსგავსად (EFTA).

„ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენ ყველას გვინდა ძლიერი, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წარმატებული უკრაინა. ამჟამად უკრაინა იბრძვის თავისი პოლიტიკური და ტერიტორიული გადარჩენისთვის. ყველა ჩვენი ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა მიმართულია რუსეთის აგრესიის, ომის დასრულებისკენ. ასეთ ფაზაში, კავშირში სწრაფი სრული გაწევრიანება მაინც ვერ იქნება აქტუალური საკითხი“, – ნათქვამია კარლ ნეჰამერის განცხადებაში.

ავსტრიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირის წევრობის შესახებ მიმდინარე დებატები უნდა დაიცალოს ემოციისგან. მან უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას „არარეალისტური“ უწოდა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპული მოსამზადებელი სივრცე, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირთან ნაბიჯ-ნაბიჯ თანამშრომლობის გაძლიერებას და ევროპულ სტანდარტებთან უკეთესად ადაპტირებას“, – აღნიშნა ნეჰამერმა.

მისი განმარტებით, ავსტრიამ ანალოგიური გზა გაიარა ევროპული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, ვიდრე 1995 წელს ევროკავშირს შეუერთდებოდა.

ავსტრიის ლიდერმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეას იმ ქვეყნების ახალი ტიპის პოლიტიკური ევროპული გაერთიანების ჩამოყალიბების შესახებ, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ან სურთ მასთან უფრო მჭიდრო კავშირი და ერთგული არიან ევროკავშირის ღირებულებებისადმი.