„როიტერი“ - ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
განკარგულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი ავალდებულებს ყველას, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმე ტიპის ქმედებებს ახორციელებს, ოფიციალურად რუსეთისადმი ერთგულების ფიცი დადოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს უარყო გავრცელებული ვერსია, რომ პრიგოჟინი პუტინის დავალებით მოკლეს. კრემლში ამას ტყუილს უწოდებენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა. შედეგად, ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი დაიღუპა. „როსავიაციამ“ დაადასტურა რომ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.