„როიტერი“ - უნგრეთში აშშ-ის ელჩმა უნგრეთის მთავრობა ჩინეთთან მჭიდრო პოლიტიკური და საქმიანი ურთიერთობებისთვის გააკრიტიკა
უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა გააკრიტიკა უნგრეთის მთავრობა ჩინეთთან მჭიდრო პოლიტიკური და საქმიანი ურთიერთობებისთვის. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
დევიდ პრესმანმა გააკრიტიკა უნგრეთი ჩინეთთან ბიზნესპარტნიორობის გამო, რომელიც, მისი შეფასებით, არაგამჭვირვალე, კორუფციით სავსე კონტრაქტებს ეფუძნება.
მან ასევე გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობა ჩინელი მუშაკების უნგრეთში დაშვებისთვის და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის, რაც, მისი თქმით, უნგრეთში ჩინელი პოლიციის თანამშრომლების არსებობის საშუალებას იძლევა.
უნგრეთში აშშ-ის ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებიც აწარმოებს ბიზნესს ჩინეთთან, მაგრამ „გამჭვირვალედ, მკაფიო წესებზე დაფუძნებულად და მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესების სათანადო ზრუნვის გათვალისწინებით“.