„როიტერი“ - თურქეთმა და გერმანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროებში ერთმანეთის ელჩები დაიბარეს
თურქეთმა და გერმანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროებში ერთმანეთის ელჩები დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. უთანხმოება ანკარაში ბიზნესმენისა და ფილანთროპის სომან კავალს გასამართლების საქმეს უკავშირდება.
მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს, ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და საპასუხოდ საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი დაიბარა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენსა და ფილანთროპს, ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თურქეთის სასამართლომ ის საპროტესტო გამოსვლების დაფინანსებით მთავრობის დამხობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. სასამართლო განაჩენამდე კავალა 4,5 წლის განმავლობაში ჰყავდათ დაპატიმრებული. კავალას საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და დასავლური ქვეყნები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა დაწერა, გერმანიამ წარსულში არაერთხელ გათელა ფეხქვეშ სამართლიანობა. ბოზდაგის თქმით, გერმანიამ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, გერმანიის ელჩს იურდენ შულც თურქეთის საგარეო უწყებაში განუცხადეს, რომ ანკარისთვის მიუღებელია მის სასამართლოში ან პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები. თურქული მხარე გერმანიის მიერ ელჩის დაბარებას დიპლომატიური ნორმების დარღვევად და სასამართლოს საქმის პოლიტიზაციად აფასებს.
გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ათი ქვეყნის ელჩის გაძევებით დაიმუქრა, მათ შორის აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის, მას შემდეგ, რაც მათ ანკარას ოსმან კავალას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების შესრულებისკენ მოუწოდებს.
2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთის ხელისუფლებას კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდა და დაადგინა, რომ მისი დაკავება ფილანთროპის გაჩუმებას ისახავდა მიზნად.