„როიტერი“ - ტრამპს წარუდგინეს გეგმა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ კიევი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებას არ დაიწყებს
„როიტერი“ - ტრამპს წარუდგინეს გეგმა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ კიევი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებას არ დაიწყებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევისთვის დონალდ ტრამპს ორმა მრჩეველმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გეგმა წარუდგინა.

გეგმის თანახმად, უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარებას მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დათანხმება. ამავე დროს, აშშ გააფრთხილებს მოსკოვს, რომ რუსეთის მიერ მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გაიზრდება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ომის დასრულების გეგმის შესახებ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთმა მრჩეველმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, კიტ კელოგმა ინტერვიუში ისაუბრა.

გეგმა კიტ კელოგისა და ფრედ ფლაიცის მიერ არის შემუშავებული, იმ პირების მიერ, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შტაბების უფროსებად მსახურობდნენ. ტრამპისთვის მათ მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს ფრონტზე არსებული ხაზების საფუძველზე.

ფლაიცის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი წარდგენილ სტრატეგიას დადებითად გამოეხმაურა.

„მე არ ვამტკიცებ, რომ ის დათანხმდა მას ან დათანხმდა მის თითოეულ სიტყვას, თუმცა ჩვენ მოხარულები ვიყავით უკუკავშირით, რომელიც მივიღეთ“, – აღნიშნა მან.

ამავე დროს, დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ მხოლოდ ტრამპის ან მისი საარჩევნო შტაბის უფლებამოსილი წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები უნდა მიიჩნეოდეს ოფიციალურად.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ შეუძლია, სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

სტრატეგიის ერთ-ერთი ავტორის, კელოგის თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები სწრაფად დაინიშნოს.

„ჩვენ ვეუბნებით უკრაინელებს: „თქვენ უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და თუ ამას არ გააკეთებთ, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა შეწყდება“; პუტინს კი ვეუბნებით: „უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ჩვენ უკრაინელებს მივცემთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლის ველზე თქვენს დასახოცად“, – განაცხადა კელოგმა.

აღნიშნული გეგმის ძირითადი ელემენტები წარმოდგენილია ტრამპის მიმართ ლოიალურად განწყობილი ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის, America First Policy Institute-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. ინსტიტუტში ხელმძღვანელ პოზიციებს კელოგი და ფლაიცი იკავებენ. კვლევის თანახმად, მოსკოვის მოლაპარაკებების დაწყებაზე დათანხმება, ასევე, შესაძლებელია დაპირებით, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობა ხანგრძლივი დროით გადაიდება.