„როიტერი“ - სპარსეთის ყურის სახელმწიფოები აშშ-ს მოუწოდებენ, შეაჩეროს ისრაელის შესაძლო თავდასხმა ირანის ნავთობობიექტებზე
სააგენტო „როიტერს“ სამმა წყარომა აცნობა, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფოები ვაშინგტონში ლობირებენ, რათა შეაჩერონ ისრაელის შესაძლო თავდასხმა ირანის ნავთობის ობიექტებზე. წყაროს ცნობით, მათ ეშინიათ, რომ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში თეირანის მოკავშირეებმა შესაძლოა, სპარსეთის ყურის ნავთობობიექტებიც დაბომბონ.
სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი უარს ამბობენ ისრაელს მისცენ საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება ირანზე თავდასხმისთვის და ეს პოზიცია ვაშინგტონსაც აცნობეს.
ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლება დაჰპირდა ირანს, რომ პირველ ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. თეირანში კი განაცხადეს, რომ ასეთ ქმედებას სავალალო შედეგი ექნება ისრაელისთვის.
„როიტერის“ ცნობით, ამ კვირაში გამართული შეხვედრებისას ირანმა გააფრთხილა საუდის არაბეთი, რომ ისრაელი საპასუხო იერიშის შემთხვევაში თეირანი სპარსეთის ყურის სამეფოს ნავთობის ობიექტების უსაფრთხოების გარანტიას ვერ გასცემს. სპარსეთის ყურისა და ირანის წყაროების ცნობით, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა ისრაელის პოტენციური დარტყმა იყო.
სამთავრობო წრეებთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ირანელი მინისტრის ვიზიტი, ისევე როგორც საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სამინისტროების დონეზე კომუნიკაცია, კრიზისის მოგვარების კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია. ვაშინგტონში მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა პირმა „როიტერთან“ საუბარში დაადასტურა, რომ სპარსეთის ყურის ოფიციალური პირები დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს, რათა გამოეხატათ შეშფოთება ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი საპასუხო ქმედების პოტენციური მასშტაბის შესახებ.