„როიტერი“ - სი ძინპინმა ჯო ბაიდენს სთხოვა, შეეცვალა ფორმულირება ტაივანთან დაკავშირებით საუბრისას
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სთხოვა, შეეცვალა ფორმულირება ტაივანთან დაკავშირებით საუბრის დროს. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, მედიის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში სან ფრანცისკოში ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შორის გაიმართა შეხვედრა, რა დროსაც ჩინეთის ლიდერი, თავის გუნდთან ერთად, ამერიკელ კოლეგებს ამ საკითხზე ესაუბრა.
როგორც „როიტერი“ წერს, კონკრეტულად საუბარია აშშ-ის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას, ჩინეთს კი სურს, აშშ-მა განაცხადოს, რომ აშშ წინააღმდეგია ტაივანის დამოუკიდებლობის.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტის გუნდი არაერთხელ დაუბრუნდა ამ საკითხს, თუმცა აშშ-მა ფორმულირების შეცვლაზე უარი განაცხადა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ეს კითხვა აშშ-ის მთავრობას უნდა დაუსვან და ჩინეთის პოზიცია ტაივანის საკითხზე ნათელი და თანმიმდევრულია.
რაც შეეხება აშშ-ს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია რჩება თანმიმდევრული ჩვენი ხანგრძლივი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„როიტერი“ წერს, რომ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარზე უარი განაცხადა.