„როიტერი“ - შვეიცარიულმა ბანკმა „კრედიტ სუისმა“ სინგაპურში ბიძინა ივანიშვილთან სასამართლო დავა წააგო და 926 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა
შვეიცარიულმა ბანკმა „კრედიტ სუისმა“ სინგაპურში ბიძინა ივანიშვილთან სასამართლო დავა წააგო.
სასამართლომ ბანკს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის კომპენსაციის სახით 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. სინგაპურის სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის აქტივების დაცვის ვალდებულება.
„კრედის სუისში“ აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეშფოთებულები არიან და გასაჩივრებას აპირებენ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა „კრედის სუისის“ წინააღმდეგ სარჩელი სინგაპურის, ახალი ზელანდიისა და ბერმუდის სასამართლოებში შეიტანეს.
ბიძინა ივანიშვილის დაცვის მხარე სინგაპურის სასამართლოში „კრედიტ სუისის“ ტრასტისგან ბანკირ პატრიკ ლესკადრონის თაღლითობის შედეგად მიღებული დანაკარგისა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. 2018 წელს ლესკადრონი სასამართლომ დამნაშავედ ცნო რვა წლის განმავლობაში ყოფილი კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, ხელმოწერების გაყალბებაში. მოგვიანებით ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასული წლის მარტში ბიძინა ივანიშვილმა მოიგო 607 მილიონი დოლარის ღირებულების სასამართლო დავა ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ „კრედიტ სუისის“ ადგილობრივმა სადაზღვევო განყოფილებამ თვალი დახუჭა ლესკადრონის თაღლითობაზე.