„როიტერი“ - შარლ მიშელმა აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისა და მკაცრი რიტორიკისგან
ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდა, თავი შეიკავონ „ძალადობისა და მკაცრი რიტორიკისგან“, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებები მიზნად ისახავდა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულებას.
„რეალური პროგრესი დამოკიდებულია მომდევნო ნაბიჯებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გადაიდგას. უნდა შეწყდეს ძალადობა და მკაცრი რიტორიკა, რათა შეიქმნას სათანადო გარემო მშვიდობიანი და ნორმალიზებული მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ამასთან, ევროკავშირის გარდა, მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად აშშ-იც მოუწოდებს.
მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ მზად არის, მოაწყოს სამმხრივი შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებებისთვის.