„როიტერი“ - საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ათენის ცენტრში ათასობით სტუდენტმა და სხვა დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერით: „არა საჯარო განათლების პრივატიზაციას!“
პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებს თავს დაესხნენ და მათ თავდასხმას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენში, ეგზარქიის რაიონში დემონსტრანტებმა ნაგვის კონტეინერები დაწვეს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიულმა მთავრობამ შეიმუშავა განათლების რეფორმის კანონპროექტი, რათა კარი გაუღოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც, მისი თქმით, იმუშავებენ, როგორც უცხოური უნივერსიტეტების ფილიალები.
„როიტერის“ ცნობით, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ცუდად იმოქმედებს საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტების ხარისხზე და კიდევ უფრო შეამცირებს სახელმწიფო დაფინანსებას საჯარო განათლებისთვის.
პარლამენტმა კანონპროექტს მიმდინარე თვეში უნდა უყაროს კენჭი.