„როიტერი“ - ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში 4 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთში, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 4 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გასულ დღეს, უკრაინაში ომის საწინააღმდეგოდ რუსეთის მასშტაბით, 56 ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე 4 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ყველაზე მეტი, 1 700 ადამიანი მოსკოვსა და მის შემოგარენში გამართულ აქციებზე, 750 ადამიანი კი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს.
როგორც მედია წერს, ომის საწინააღმდეგო აქციები რუსეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა, სადაც ათასობით დემონსტრანტი სკანდირებდა „არა ომს“ და „სირცხვილია“.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტების დაკავება მოხდა იმის გამო, რომ აქციები არასანქცირებული იყო. როგორც „როიტერი“ წერს, მსგავსი მასშტაბის აქციები რუსეთში ბოლოს გასული წლის იანვრის თვეში გაიმართა, რომელზედაც დემონსტრანტები დაკავებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ.