„როიტერი“ - რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთმა ვერ მოიპოვა საკმარისი ხმები გაერო-ს დაქვემდებარებაში მყოფ საავიაციო სააგენტოს მმართველ საბჭოში ხელახლა ასარჩევად, საავიაციო საქმიანობასთან დაკავშირებული იმ ქმედებების გამო, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩაიდინა.
რუსეთმა ვერ შეძლო 86 ხმის დაგროვება, რაც 36 ქვეყნისგან შემდგარი საბჭოს წევრად დასარჩენად არის აუცილებელი.
ორგანიზაციის მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა, პოპი ხოზამ მიღებულ შედეგებს უპრეცედენტო უწოდა. ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, მიღებული შედეგები პოლიტიკური ხასიათისაა და არ უკავშირდება რუსეთის საქმიანობას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
უკრაინის წარმომადგენლის თქმით, კენჭისყრა ადასტურებს, რომ რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა უკრაინის სუვერენული საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, როგორიცაა აეროპორტების დაბომბვა, რაც ეწინააღმდეგება 1944 წლის შეთანხმებას.
როგორც სააგენტო წერს, დასავლეთში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა უკანონოდ მიითვისა ასობით უცხოური თვითმფრინავი, რასაც მოსკოვი უარყოფს. მარტში რუსეთმა ქვეყნის ავიაკომპანიებს უფლება მისცა, უცხოური კომპანიებისგან იჯარით აღებული თვითმფრინავები რუსეთის თვითმფრინავების რეესტრში გაეტარებინათ.