„როიტერი“ - რუსეთისგან თავდასაცავად ნატო-ს კიდევ 50 ბრიგადა სჭირდება
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნატო-ს სჭირდება კიდევ 35-დან 50-მდე სამხედრო ბრიგადის შექმნა, რათა სრულად მოხდეს ჩრდილოატლანტიკური გეგმის რეალიზაცია, რაც რუსეთისგან შესაძლო თავდასხმისგან დაცვას ემსახურება.
„როიტერი “ აღნიშნავს, რომ ნატო-ს ერთი ბრიგადა 3000-დან 7000-მდე სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, ამიტომ 35-50 ბრიგადის შექმნა სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. სააგენტოს ცნობით, კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა ნატო-სთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იქნება.
ანონიმურმა წყარომ „როიტერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ გერმანიას საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლებლობების 4-ჯერ გაძლიერება სჭირდება.
“ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო თავდაცვა, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, ლოგისტიკა, ასევე მსხვილი სახმელეთო ფორმირებები წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს“, – აცხადებს ნატო-ს მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობასაც „როიტერი“ არ ასახელებს.
ნატო-ს სამიტი, რომლის მონაწილეებიც განახლებულ გეგმებს განიხილავენ, ვაშინგტონში დღეს გაიხსნება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.