„როიტერი“ - რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება.
როგორც „როიტერი“ იუწყება, ჟენევაში, გაერო-ს რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გადაუგზავნა საკუთარი მოთხოვნების ჩამონათვალი.
მისივე თქმით, რუსეთის პრეტენზიების განხილვა გაეროს წარმომადგენლებთან კვირას არის დაგეგმილი.
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი არ ხდება, მაშინ უკაცრავად, მაგრამ მოგვიწევს ყველაფრის გადახედვა“ – განაცხადა ჟენევაში გაერო-ს რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, რუსეთი შეთანხმების გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის მისი პირობები თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს მხარეებზე.
საპასუხოდ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან მუდმივი კომუნიკაცია გრძელდება, ისევე როგორც ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან, რათა რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე დაბრკოლებები მოიხსნას.