„როიტერი“ - რუმინეთის სამმა ულტრამემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო, თუმცა მათი შანსები მცირეა
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ რუმინეთის სამმა ულტრამემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო, თუმცა მათი წარმატების შანსი მცირეა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ულტრამემარჯვენე პარტიები, რომლებმაც პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის იმპიჩმენტის მოთხოვნით განაცხადი შეიტანეს, რუმინეთის პარლამენტში ადგილების დაახლოებით 35 პროცენტს აკონტროლებენ.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნის შეტანა შეუძლია პარლამენტის წევრთა მესამედს, რუმინეთის კანონმდებლობის მიხედვით, იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით, დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიპოვა უპირატესობა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში. რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე რჩება. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება.