„როიტერი“ - ქაბულში აშშ-ის სამხედრო კოლონაზე თავდასხმა განხორციელდა
ქაბულში აშშ-ის სამხედრო კოლონაზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დანაღმული ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც აშშ-ის ძალების კოლონა მიუახლოვდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. ავღანეთში აშშ-ის ძალების წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო ოთხმა სამხედრომ.
სააგენტო „როიტერს“ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში ანონიმურად განუცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, ექვსი სამოქალაქო პირი კი დაშავდა. თავის მხრივ, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ უცხოური ძალების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 სამხედრო, ორი მანქანა კი განადგურდა.
ეს ბოლო ორ დღის განმავლობაში ავღანეთის დედაქალაქში განხორციელებული უკვე მეორე თავდასხმაა. ერთი დღით ადრე, ქაბულში, სამხედრო საწვრთნელ აკადემიასთან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.