„როიტერი“ - პოლონეთის სასამართლომ „გაზპრომს“ და კიდევ ხუთ კომპანიას ჯარიმები გაუუქმა, რასაც მარეგულირებელი ორგანო გაასაჩივრებს
პოლონეთის მარეგულირებელი ორგანო გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსულ კომპანია „გაზპრომს“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ კიდევ ხუთ კომპანიას მის მიერ დაწესებული ჯარიმები გააუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, პოლონეთის მარეგულირებელმა ორგანომ, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ 2020 წელს რუსული ენერგოგიგანტი, „გაზპრომი“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ვარშავის ნებართვის გარეშე მშენებლობისთვის 29 მილიარდი ზლოტით (6.33 მილიარდი დოლარით) დააჯარიმა.
მედიის ცნობით, ამას გარდა, მარეგულირებელმა საერთო ჯამში, 234 მილიონი ზლოტით დააჯარიმა ხუთი კომპანია, რომლებიც პროექტის დაფინანსებაში იყვნენ ჩართული. ეს კომპანიებია: Engie Energy, Uniper-ი, OMV,Shell-ი და Wintershall-ი.
როგორც მარეგულირებელი აცხადებს, პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
„ჩვენ ვითხოვთ გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას და შემდგომ ამ საქმეს გავასაჩივრებთ“, – ნათქვამია პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ტომაშ ხროსტნის განცხადებაში.
პოლონეთი აქტიურად ეწინაღმდეგებოდა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტს, რადგან აცხადებდა, რომ რუსეთმა ენერგომატარებლები შესაძლოა, ევროპულ ქვეყნებზე გავლენისთვის გამოიყენოს.
„დღეს საფრთხეები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით გადაწყვეტილების წარდგენისას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელ ევროპაში“, – განაცხადა ხროსტნიმ.
მიმდინარე თვეში პოლონეთმა კომპანია „ევროპოლგაზში“ „გაზპრომის“ 48%-იანი წილის ნაციონალიზაციის შესახებ განაცხადა. „ევროპოლგაზი“ გაზსადენ იამალის პოლონეთის ნაწილს ფლობს. სექტემბერში პოლონეთმა „გაზპრომს“ სანქციები დაუწესა.