„როიტერი“ - „პანდორა ფეიფერსის“ თანახმად, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის ლიდერები საიდუმლო აქტივებს ფლობენ და ფარულ გარიგებებს აფორმებენ
„პანდორა ფეიფერსის“ სახელით გასაჯაროებული მასალები მსოფლიო ლიდერების საიდუმლო სიმდიდრისა და გარიგებების შესახებ მოიცავს ინფორმაციას, – პოლიტიკოსების გასაჯაროებული ოფშორული მონაცემების შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აქვეყნებს.
საიდუმლო დოკუმენტები „გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა“ მოიპოვა, რის შემდეგაც მასალებით მსოფლიოს წამყვანი გამოცემები დაინტერესდნენ.
მასალებში ნაჩვენებია 100-ზე მეტი მილიარდერის, მსოფლიოს 35 პოლიტიკური ლიდერისა და 300 საჯარო მოხელის ინფორმაცია. დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის ლიდერები საიდუმლო აქტივებს ფლობენ და ფარულ გარიგებებს აფორმებენ.
მასალების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საიდუმლო აქტივები აქვს მონაკოში. ასევე, საუბარია პუტინის უახლოესი წრის რამდენიმე წევრის ფარულ ქონებაზე.
საიდუმლო დოკუმენტები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მმართველი ალიევების ოჯახი ბოლო წლების განმავლობაში ბრიტანეთის ქონებით ვაჭრობდა, რომლის ღირებულება 400 მილიონი ფუნტ სტერლინგი იყო. ალიევებმა ერთ-ერთი აქტივი ბრიტანეთის დედოფლის ოჯახის ქონების სასარგებლოდ გაყიდეს. ლონდონის ერთ-ერთი ქონების გაყიდვიდან, ალიევების ოჯახმა 31 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო.
საიდუმლო მასალების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე, ვლადიმირ ზელენსკიმ საიდუმლო ოფშორულ კომპანიაში თავისი 25-პროცენტიანი წილი ახლო მეგობარს გადასცა, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს.
დოკუმენტებში საუბარია იორდანიის მეფის, აბდულა მეორის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის, ასევე კვიპროსის, პაკისტანის, კენიის, ეკვადორისა და სხვა ქვეყნების ლიდერების საიდუმლო ქონებასა და გარიგებებზე.