„როიტერი“ - ნიუ იორკში, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება
ნიუ იორკში, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება. შესაბამის პროექტს ქალაქის საკრებულო დღეს უყრის კენჭს.
როგორც „როიტერი“ წერს, ნიუ იორკი ერთ-ერთია იმ ამერიკულ ქალაქებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავიდან ე.წ. მწვანე ენერგიაზე გადასვლას შეეცდებიან. მას შემდეგ რაც, ნიუ იორკის საკრებულო ბუნებრივ აირის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, მეგაპოლისის მცხოვრებლებს ელექტროენერგიაზე გადასვლა მოუწვეთ.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ნიუ იორკში მავნე გამონაბოლქვის შემცირებას შეძლებენ. პროექტის მიხედვით, ბუნებრივი აირის შეყვანა 7-სართულიან სახლებში 2023 წლისთვის სრულად აიკრძალება, ხოლო 2027 წლიდან გაზს ვეღარ გამოიყენებენ მაღალსართულიან შენობებშიც.
მანამდე ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აკრძალეს აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ხოსეში, სადაც ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.