„როიტერი“ - ნიდერლანდების თავდაცვის ძალები ავღანეთში რამდენიმე საევაკუაციო ფრენის განხორციელებას გეგმავენ
ნიდერლანდების თავდაცვის ძალები ავღანეთში რამდენიმე საევაკუაციო ფრენის განხორციელებას გეგმავენ.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქაბულის მიმართულებით ერთი რეისი უკვე განხორციელდა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ რამდენიმე რეისის დამატებაა დაგეგმილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნიდერლანდების პრემიერმაც გააკეთა. მისი თქმით, ნიდერლანდები ყველაფერს აკეთებს, რომ ავღანეთიდან საელჩოს თანამშრომლების, თარჯიმნებისა და იმ პირების გამოყვანა შეძლოს, რომლებიც დაცვას საჭიროებენ, თუმცა ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან რთულია.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნიდერლანდები 110 თარჯიმნისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას გეგმავს. გარდა ამისა, მომავალ კვირას მუშაობას ანახლებს ნიდერლანდების პარლამენტიც, რომელმაც უნდა განიხილოს ავღანეთში არსებული სიტუაცია, მათ შორის ავღანეთიდან დევნილი თარჯიმნებისა და სხვა პირებისთვის თავშესაფრის მიცემა.