„როიტერი“ - ლიეტუვა რუსეთიდან კალინინგრადში ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარებას წყვეტს
ლიეტუვა აცხადებს, რომ რუსეთიდან კალინინგრადში ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარებას წყვეტს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მედია წერს, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი ანტონ ალიხანოვი წერდა. მისი ცნობით, ლიეტუვის რკინიგზისგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, 18 ივნისიდან რუსეთიდან კალინინგრადის მიმართულებით გაგზავნილი პროდუქციის 40-50 პროცენტის გატარება აიკრძალება, მათ შორის ქვანახშირის, სამშენებლო მასალების, მეტალების და მოწინავე ტექნოლოგიების.
„როიტერის“ ცნობით, დღეს ალიხანოვისადმი მიწერილი წერილის შინაარსის მართებულობა დაადასტურეს ლიეტუვის რკინიგზის სამსახურში, თუმცა დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებიათ.
„ბიბისის“ ცნობით, დღეს ლიეტუველი პარლამენტარების ჯგუფმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ქვეყნის გავლით შესაძლოა, უკრაინაში მოპარული მარცვლეულის ტრანსპორტირებაც ხორციელდებოდეს.
როგორც „როიტერი“ წერს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანტას ადონენასმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ელოდებიან ევროკომისიის დასტურს კალინინგრადის მიმართულებით ტვირთის გატარების შესაჩერებლად. ვილნიუსმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციის დაწესება ევროკავშირის დონეზე ხდება.