„როიტერი“ - ლატვია საზღვრის უკანონო კვეთის მომატებული შემთხვევების ფონზე ბელარუსის საზღვართან ჯარისკაცებს აგზავნის
ლატვია საზღვრის უკანონო კვეთის მომატებული შემთხვევების ფონზე ბელარუსის საზღვართან ჯარისკაცებს აგზავნის. ამის შესახებ „როიტერი” წერს.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა უბრძანა ქვეყნის არმიას, დახმარება გაუწიოს ბალტიისპირული სახელმწიფოს მესაზღვრეებს ბელარუსთან საზღვრის დაცვაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საზღვრის არალეგალური კვეთის 96 მცდელობის შემდეგ შვებულებიდან სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს.
„ლატვიას აქვს ინფორმაცია ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ. ბელარუსის ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის ჩართული ემიგრანტების არალეგალური ნაკადის ორგანიზებაში”, – ნათქვამია სასაზღვრო დაცვის განცხადებაში.
ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთი გეგმავს დამატებით 10 000-მდე ჯარისკაცის გადაყვანას ბელარუსის საზღვარზე მესაზღვრეების დასახმარებლად.