„როიტერი“ - კოსოვო და სერბეთი ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბებით დასახლებულ რაიონებში დაძაბულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ
კოსოვო და სერბეთი ჩრდილოეთ კოსოვოში, სერბებით დასახლებულ რაიონებში დაძაბულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც კოსოვოს პრემიერ-მინისტრისა და სერბეთის პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მან გააფრთხილა კოსოვოსა და სერბეთის ლიდერები, რომ დავამ, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ისახავს მიზნად.
„როიტერი“ იუწყება, რომ 2023 წლის მარტში პრიშტინა და ბელგრადი სიტყვიერად შეთანხმდნენ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გეგმის განხორციელებაზე, რომლის მიზანიც ურთიერთობის გაუმჯობესებაა, თუმცა ამ შეთანხმების შემდეგ მხოლოდ მცირე პროგრესი შეინიშნება. 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს, ჯერ კიდევ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრსა და სერბეთის პრეზიდენტს მოუწოდა, იპოვონ გამოსავალი, რომელიც კოსოვოში მცხოვრებ სერბებს საშუალებას მისცემს, სწრაფად დაუბრუნდნენ იმ ინსტიტუტებს, რომლებსაც 2022 წლის ნოემბერში ბოიკოტი გამოუცხადეს. კოსოვოს ლიდერის თქმით, ის არ ეთანხმება შეთანხმებაში არსებულ პუნქტს სერბეთის მუნიციპალიტეტების მეტ ავტონომიასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოების ჩატარებაზე, რომლის მეშვეობითაც იპოვიან კოსოვოში ომის პერიოდში გარდაცვლილთა ნეშტებს. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს შეთანხმება, შესაძლოა, მომავალში შერიგების წინაპირობაც გახდეს. „როიტერის“ ცნობით, ომიდან თითქმის 24 წლის შემდეგაც 1 600-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.