„როიტერი“ - ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის „ეფ-16“-ების მიყიდვას შეყოვნების გარეშე დაუჭიროს მხარი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის „ეფ-16“-ების მიყიდვას შეყოვნების გარეშე დაუჭიროს მხარი. როგორც „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა კონგრესის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს და მათ ავიაგამანადგურებლების თურქეთისთვის მიყიდვის ფორმალური პროცესის დაწყების განზრახვის შესახებ აცნობა, როგორც კი ანკარა დაასრულებს ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რატიფიცირებას.
როგორც მედიასაშუალებას ოთხმა წყარომ აცნობა, ოთხშაბათს თეთრმა სახლმა კონგრესის წევრებს წერილით მიმართა, რომელშიც მოუწოდა მათ, მხარი დაუჭირონ თურქეთისთვის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების „ეფ-16“-ებისა და მოდერნიზაციის კომპლექტების მიყიდვას.
ამერიკელი კონგრესმენები აცხადებდნენ, რომ, ავიაგამანადგურებლების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას მიღებამდე, ელოდებოდნენ თურქეთის მიერ ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადის დამტკიცებას.
20-თვიანი შეყოვნების შემდეგ თურქეთის პარლამენტმა ნატო-ში შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ოთხშაბათს მოახდინა. ახლა მას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნდა მოაწეროს ხელი. ამგვარად, უნგრეთი რჩება ნატო-ს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შვედეთის წევრობის განაცხადი რატიფიცირებული ჯერ არ აქვს.