„როიტერი“ - იტალიის მმართველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში შემავალი პარტია „ლიგა“ სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევროკავშირის დროშების მოხსნას ითხოვს
იტალიაში ულტრამემარჯვენეებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევროკავშირის დროშების მოხსნა სურთ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგაში“ განაცხადეს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა და სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევროკავშირის დროშების მოხსნა სურთ.
პარტია „ლიგა“ ქვეყნის მმართველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია.
როგორც სენატორმა კლაუდიო ბორგიმ განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობს, სახელმწიფო უწყებებთან უნდა იყოს აღმართული მხოლოდ იტალიის დროშები და ასევე ბანერები, რომლებიც რეგიონებს წარმოადგენს.
იტალიაში 1988 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას, სახელმწიფო შენობებთან, იტალიის დროშასთან ერთად, ევროკავშირის დროშაც იყოს აღმართული.