„როიტერი“ - ისრაელმა პალესტინის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა
ისრაელმა პალესტინის სამოქალაქო საზოგადოების ექვს ჯგუფს პალესტინელი მებრძოლების დაფინანსებაში დასდო ბრალი და ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ტერორისტულ ორგანიზაციებად დასახელებულთა შორის არიან „ადამერი“ და „ალ-ჰაქი“, რომლებიც აქვეყნებენ დასკვნებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ როგორც ისრაელის, ისე პალესტინის მხრიდან.
ისრაელის გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვა გაერო-მ და ადამიანის უფლებათა დამცველმა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელს უფლებას აძლევს, დახუროს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ამ ჯგუფების ოფისები, ჩამოართვას ქონება და დააპატიმროს მათი თანამშრომლები. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ჯგუფები თავიანთ საქმიანობას პალესტინის „სახალხო ფრონტის“ პოპულარიზაციისა და დაფინანსებისთვის იყენებენ.