„როიტერი“ - ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ ასაფეთქებელი მოწყობილობა „ჰეზბოლას” წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო
ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ, „მოსადმა“ ასაფეთქებელი მოწყობილობა „ჰეზბოლას” წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ლიბანურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის უსაფრთხოების წყარომ თქვა, რომ პეიჯერები იყო ტაივანში დაფუძნებული წარმოების, მაგრამ კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავს მოწყობილობას არ აწარმოებს. განცხადების თანახმად, პეიჯერები დამზადებულია უნგრეთში დაფუძნებული კომპანიის, BAC-ის მიერ, რომელსაც აქვს ლიცენზია, გამოიყენოს Gold Apollo-ს ბრენდი.
„როიტერის“ ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ლიბანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯგუფმა Gold Apollo-ს შეუკვეთა 5 000 პეიჯერი, რომლებიც ქვეყანაში ამ წლის დასაწყისში შეიტანეს. Gold Apollo-ს დამფუძნებელმა, ჰსუ ჩინგ-კუანმა განაცხადა, რომ გამოყენებული პეიჯერები დამზადებულია ევროპული კომპანიის მიერ, რომელსაც ჰქონდა ფირმის ბრენდის გამოყენების უფლება.
„ჰეზბოლას“ მებრძოლები იყენებდნენ პეიჯერებს, როგორც დაბალტექნოლოგიურ საკომუნიკაციო საშუალებას, რათა თავიდან აეცილებინათ ისრაელის მხრიდან ადგილმდებარეობის თვალთვალი. ლიბანურმა წყარომ განაცხადა, რომ მოწყობილობები შეცვლილი იქნა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მიერ „წარმოების დონეზე“.
მედიის ცნობით, „მოსადმა“ მოწყობილობაში ჩასვა დაფა, რომელსაც აქვს ასაფეთქებელი მასალა. იგი იღებს კოდს, რომლის აღმოჩენა ძალიან რთულია. უსაფრთხოების კიდევ ერთმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ სამ გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული ახალ პეიჯერებში და „ჰეზბოლას“ თვეების განმავლობაში ამას ვერ ამჩნევდა. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად ლიბანში 12 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე კი დაშავდა, სულ მცირე, 200 პირი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.