„როიტერი“ - ისრაელის მიერ იემენის ჰოდეიდას პორტთან „ჰუსიტების“ სამიზნეების დაბომბვისას სამი ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაშავდა
ისრაელის მიერ იემენის ჰოდეიდას პორტთან „ჰუსიტების“ სამიზნეების დაბომბვისას სამი ადამიანი დაიღუპა, 87 კი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ „ჰუსიტების“ მიერ მართული ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენში, შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე მასშტაბური იერიში გუშინ მიიტანა. ისრაელის სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე „ჰუსიტების“ უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ თელ ავივში აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ჰუსიტები“ ჰოდეიდას პორტს ირანისგან იარაღის მისაღებად იყენებენ.
ისრაელის განცხადებით, იემენზე დარტყმამდე მან მოკავშირეებს ინფორმაცია მიაწოდა. ოპერაცია „ეფ-15“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით ჩატარდა, რომელთაგან უკან ყველა უსაფრთხოდ დაბრუნდა.
„ჰუსიტების“ უზენაესი პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, ისრაელის დარტყმებს „ეფექტიანი რეაგირება“ მოჰყვება.