„როიტერი“ - ირანის ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატიდან ერთი ზომიერი პოლიტიკის მომხრეა
ირანში 28 მაისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 80 პრეტენდენტიდან კონსტიტუციის დამცველთა საბჭომ ექვსი კანდიდატი შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წერს.
როგორც „როიტერი“ წერს, შერჩეული კანდიდატებიდან ხუთი – ხისტი, ერთი კი ზომიერი პოლიტიკის მომხრეა.
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, მათ შორის არის ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი მეთაური და აიათოლა ალი ხამენეის მოკავშირე, პარლამენტის მოქმედი სპიკერი მოჰამად ბაქერ ქალიბაფი. სამოქალაქო უფლებადამცველი აქტივისტებისთვის ის ცნობილია ადამიანად, რომელიც პროტესტებს ახშობდა, 1999 წელს პირადად მონაწილეობდა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში და აქტიურ როლს ასრულებდა 2003 წლის არეულობის ჩახშობაში.
პრეზიდენტობის კანდიდატი საიდ ჯალილი პოლიტიკური მეცნიერების დოქტორია. 1980-იან წლებში ირან-ერაყის ომის მონაწილეა, სადაც ქვედა კიდურიც დაკარგა. ჯალილს ხისტ დიპლომატად იცნობენ, რომელიც „ვილაიათ ე-ფაყიჰის“ მმართველობის მომხრეა. საიდ ჯალილი უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა და ბირთვულ საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი იყო; ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.
მასუდ პეზეშქიანი, აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი დეპუტატი, კანდიდატებიდან ზომიერი პოლიტიკის ერთადერთი მხარდამჭერია. პროფესიით ექიმი, 2001-2005 წლებში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2008 წლიდან კი დეპუტატის რანგში საქმიანობს. მასუდ პეზეშქიანი ღიად აკრიტიკებდა ქვეყნის მთავრობას 2022 წელს მაჰსა ამინის ციხეში გარდაცვალების საქმეზე გამჭვირვალობის არარსებობის გამო.
მოსტაფა პურმოჰამადი სასულიერო პირია, მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. უფრო ადრე კი იყო დაზვერვის მინისტრის მოადგილე. უფლებადამცველი ჯგუფები ვარაუდობენ, რომ მას გარკვეული როლი მიუძღვის 1998 წელს ირანში რამდენიმე ცნობადი ინტელექტუალი დისიდენტის მკვლელობაში. „ჰუმან რაითს ვოთჩის“ 2005 წლის ანგარიშში წარმოდგენილი დოკუმენტებით იკვეთება მისი სავარაუდო როლი ასობით პოლიტიკური პატიმრის სიკვდილით დასჯაში, რომელიც ირანის დედაქალაქში 1988 წელს მოხდა.
ალირეზა ზაქანი თეირანის მერი და ყოფილი დეპუტატია. 2013 და 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის ბრძოლას გამოეთიშა.
ამირჰოსეინ ღაზიზადეჰ-ჰაშემი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და „მოწამეთა ფონდის“ თავმჯდომარეა. 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის დაბალი მხარდაჭერა მოიპოვა.
ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 19 მაისს იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შედეგად დაინიშნა. ავიაკატასტროფას საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანიც ემსხვერპლა.