„როიტერი“ - იენს სტოლტენბერგს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს
ნატო-ს გენერალურ მდივანს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც იუწყებიან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნული თანამდებობის დაკავებისთვის ოფიციალური განაცხადი უკვე გააკეთა.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შეთავაზება მან ნორვეგიის ფინანსთა მინისტრისგან მიიღო. ოპოზიციის ნაწილმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ სტოლტენბერგის დანიშვნის შემთხვევაში, ბანკის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დადგება. მათი თქმით, ნორვეგიაში პოლიტიკოსებს არასდროს დაუკავებიათ ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა.
ამასთან, თუ სტოლტენბერგს ამ თანამდებობაზე დანიშნავენ, ის ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას მხოლოდ 2022 წლის ოქტომბრიდან შეუდგება. ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე უფლებამოსილების ვადა მას სწორედ ამ დროს ეწურება. სტოლტენბერგს ეკონომიკური განათლება აქვს. ის ლეიბორისტული პარტიის ლიდერია და წარსულში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო.