„როიტერი“ - გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერების 30-31 მაისის სამიტზე არ იქნება მიღებული
გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება 30-31 მაისს დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე არ იქნება მიღებული.
„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა გააკეთა.
როგორც მედია წერს, ბერლინში იმედი აქვთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების თაობაზე შეთანხმება უახლოეს ხანში დასრულდება, თუმცა ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხზე 30-31 მაისს დაგეგმილ სამიტზე არ ისაუბრებენ.
ამასთან ერთად, ბერლინში განაცხადეს, რომ აღნიშნულ სამიტზე უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში შეიტანოს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი, რასაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა არ თანხმდება.
გუშინ „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოუწოდებდა, რუსეთის წინააღდმეგ ახალ სანქციებზე 30-31 მაისს დაგეგმილ სამიტზე არ ემსჯელათ.