„როიტერი“ - გაერო-ში აშშ-ის ელჩი რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას ითხოვს
გაერო-ში აშშ-ის ელჩი ლინდა ტომას-გრინფილდი რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ლინდა ტომას-გრინფილდის განცხადებით, აშშ მიმართავს გაერო-ს გენერალურ ასამბლეას რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის შესახებ.
„ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მონაწილეობა არის ფარსი. ეს არასწორია, ამიტომ ვთვლით, რომ დრო მოვიდა, მივმართოთ გენერალურ ასამბლეას და კენჭი ვუყაროთ მის გარიცხვას. ჩემი გზავნილი იმ 140 ქვეყნისადმი, რომლებიც მამაცურად გაერთიანდნენ, ასეთია: სურათები ბუჩადან და განადგურება უკრაინის გარშემო, მოითხოვს, რომ ჩვენი სიტყვები ქმედებებს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
როგორც „როიტერი“ წერს, 193 წევრისგან შემდგარი ასამბლეის ორი მესამედის ხმათა უმრავლესობა საკმარისი იქნება რუსეთის გარიცხვისთვის, ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევების გამო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.