„როიტერი“ - გაერო-მ კიევს, მოსკოვს და ანკარას შესთავაზა, დაიწყონ მოსამზადებელი სამუშაოები რუსული ამიაკის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით, რათა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ გადარჩეს
გაერო შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გადარჩენას ცდილობს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
„როიტერის“ ცნობით, გაერო-მ კიევს, მოსკოვსა და ანკარას შესთავაზა, დაიწყონ მოსამზადებელი სამუშაოები რუსული ამიაკის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით, რათა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ გადარჩეს.
გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის ინფორმაციით, უკრაინა და თურქეთი შეთანხმდნენ ახალ წინადადებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოპერაციების გაუმჯობესებას შავი ზღვის საექსპორტო დერეფანში, მაგრამ რუსეთის პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.
„როგორც გახსოვთ, გენერალურმა მდივანმა მხარეებს წარუდგინა გარკვეული იდეა, რათა გაეუმჯობესებინათ ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობა, ასევე ამიაკის ექსპორტის საკითხზე მუშაობა, რომელიც გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. საუბარი და კონტაქტები გრძელდება, მაგრამ ამაზე მეტს ახლა ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა დუჟარიკმა.
გაერო-ს პრესსპიკერის თქმით, გაერო შეშფოთებულია შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების შესრულების შენელებით. მისი თქმით, მაისში უკრაინის პორტები მხოლოდ 33-მა გემმა დატოვა, რაც ორჯერ ნაკლებია აპრილთან შედარებით.
„ეს არის ძალიან სერიოზული ვითარება, გაერო აუცილებლად იმუშავებს მხარეებთან, რათა სრულად განაახლონ შეთანხმება“, – განაცხადა დუჟარიკმა.