„როიტერი“ - F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნები აგვისტოში დაიწყება
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინელი მფრინავების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის წვრთნა აგვისტოში დაიწყება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ლიეტუვაში გამართულ ნატო-ს სამიტზე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადებას 11 ქვეყნის კოალიცია აგვისტოში, დანიაში დაიწყებს, ხოლო სასწავლო ცენტრი შეიქმნება რუმინეთში.
დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რათა მოამზადონ მფრინავები, ასევე დამხმარე პერსონალი, შეინარჩუნონ თვითმფრინავები და, საბოლოოდ, უზრუნველყონ F-16-ების მიწოდება უკრაინისთვის.
„იმედია, ჩვენ შევძლებთ შედეგების ნახვას მომავალი წლის დასაწყისში“, – განუცხადა დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა ჟურნალისტებს.
ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ აუღია უკრაინაში F-16-ების გაგზავნის ვალდებულება, თუმცა პოლონეთმა და სლოვაკეთმა მიაწოდეს 27 MiG-29 უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავების ფლოტის შესავსებად.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა, კრიტიკული ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ეს კოალიცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა.