„როიტერი“ - ევროპელი კანონმდებლები ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმების გაუქმებისკენ მოუწოდებენ
1 000-ზე მეტი ევროპელი კანონმდებელი ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის გეგმების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ანექსირების ნებისმიერი მცდელობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის სავალალო იქნება. აუცილებელია, მოვახდინოთ ამის აღკვეთა თუნდაც საპასუხო ზომებით“, – ნათქვამია ევროპელი დიპლომატების მიერ შედგენილ საჯარო წერილში.
წერილს ხელი 25 ქვეყნიდან 1 080-მა კანონმდებელმა მოაწერა. დოკუმენტში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებულ ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო გეგმას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ ანექსია საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა იქნება.
„2020 წელს ტერიტორიის ძალით მითვისება დაუშვებელია“, – აცხადებენ ჩეხეთისა და უნგრეთის კანონმდებლები, რომლებიც „როიტერის“ თქმით, აქამდე ტრამპის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერდნენ.
ევროპელი დიპლომატები ანექსიის შემთხვევაში დასავლეთისგან პროპორციულ საპასუხო რეაგირებას ითხოვენ.
„ადეკვატური პასუხის გარეშე ეს წააქეზებს სხვა სახელმწიფოებს, რომლებსაც ასევე აქვს პრეტენზიები ტერიტორიებზე“, – ნათქვამია წერილში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ებრაული დასახლებების და იორდანეს ველის ანექსირების პროცესი შესაძლოა, პირველ ივლისს დაიწყოს.