„როიტერი“ - ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართება
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ევროპარლამენტის არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, რიგგარეშე სამიტს გამართავენ.
სააგენტო „როიტერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტი 28 მაისს გაიმართება და მასზე ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერის შემცვლელის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
ოფიციალური განცხადება სამიტის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს შედგება. ახალარჩეული ევროპარლამენტის პირველი სხდომა კი 2 ივლისს გაიმართება.
ევროპარლამენტის წევრები გამოდიან ინიციატივით, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელის შერჩევა გამარჯვებული პარტიების წამყვანი კანდიდატებიდან მოხდეს. თუმცა, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამგვარ პროცესს ბევრი ევროპელი ლიდერი არ ეთანხმება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სამიტის დანიშვნის შესახებ, სავარაუდოდ, ოფიციალურად რუმინეთის ქალაქ სიბიუში, ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე განაცხადებს, რომელიც 9 მაისს გაიმართება.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურა ფორმალურად 20-21 ივნისს უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ, კანდიდატი ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.