„როიტერი“ - ევროპამ შესაძლოა, პირველ ივლისს რუსეთსა და ამერიკას საზღვრები არ გაუხსნას
„როიტერი“ - ევროპამ შესაძლოა, პირველ ივლისს რუსეთსა და ამერიკას საზღვრები არ გაუხსნას

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ევროპამ შესაძლოა, რუსეთსა და ამერიკას საზღვრები არ გაუხსნას.

ევროკავშირი საზღვრების გახსნას პირველი ივლისიდან გეგმავს, თუმცა როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, ეს თითოეულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სიტუაციის შეფასების შემდეგ მოხდება.

ევროკავშირის მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის, ხორვატიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში რეკომენდირებულია საზღვრების მხოლოდ იმ ქვეყნებთან გახსნა, სადაც ინფიცირების შემთხვევები სტაბილურად იკლებს და სადაც ევროპის მსგავსი ან უკეთესი ეპიდსიტუაციაა. რეკომენდაციის მიხედვით, იმისათვის, რომ ევროკავშირმა ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმოსვლა აღადგინოს, საჭიროა, რომ ქვეყანაში ყოველ 100 000 მოსახლეზე 14 დღიანი პერიოდში მხოლოდ 16-დან 20-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდეს.

სახელმწიფოები ასევე შეფასდებიან „კოვიდ-19“-ზე ტესტირებების მასშტაბებით, მონაცემთა სანდოობითა და ევროკავშირთან მიმოსვლის საპასუხო პოლიტიკის მიხედვით.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ აშშ, მექსიკა, სამხრეთ ამერიკა, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი, ირანი და სხვა რამდენიმე ქვეყანა.

როგორც „როიტერს“ ევროკავშირის წარმომადგენელმა განუმარტა, ეს კრიტერიუმები საბოლოო არ არის და შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.