„როიტერი“ - ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიას ომის ეკონომიკის რეჟიმში გადასვლას შესთავაზებს
ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიას ომის ეკონომიკის რეჟიმში გადასვლას შესთავაზებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზებს წინადადებას, რათა წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, იყიდონ უფრო მეტი იარაღი ევროპული კომპანიებისგან და დაეხმარონ ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში.
„ჩვენ გვჭირდება პარადიგმების შეცვლა და ომის ეკონომიკაზე გადასვლა. ეს ნიშნავს, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია მეტ რისკზე უნდა წავიდეს ჩვენი მხარდაჭერით. ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიუხედავად ყოველ ოთხ წელიწადში ჩვენი მოკავშირეების არჩევნების შედეგებისა“, – განაცხადა ბრეტონმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ევროპული ინდუსტრია ცუდად იყო მომზადებული ზოგიერთი ცვლილებისთვის, მაგალითად, როგორიცაა საარტილერიო საბრძოლო მასალაზე გაზრდილი მოთხოვნა.
„როიტერის“ ცნობით, ბრეტონის ახალი სქემა აშშ-ის საგარეო სამხედრო გაყიდვების მსგავსია, რომლის მიხედვითაც, აშშ სხვა ქვეყნების მთავრობებს იარაღის ამერიკული სამხედრო კომპანიებისგან შეძენაში ეხმარება. როგორც „როიტერი“ წერს, ეს აიძულებს იარაღის ევროპულ ფირმებს, კრიზისის დროს ევროპულ შეკვეთებს მიანიჭონ უპირატესობა.
იმისთვის, რომ ბრეტონის ეს შეთავაზება ძალაში შევიდეს, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
ამ საკითხს გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. მათი ცნობით, ნატო ყურადღებით შეისწავლის ამ შეთავაზებას და მიესალმებიან ევროკავშირის ძალისხმევას ევროპის თავდაცვისთვის. ალიანსმა ასევე აღნიშნა, რომ მათ არ უნდა მოახდინონ ალიანსის დუბლირება ან ალიანსის სამუშაოსთან დაპირისპირება.