„როიტერი“ - ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა ბრიუსელს მიმართავს, უკრაინული ხორბლის იმპორტზე შეზღუდვა 15 სექტემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს
„როიტერი“ - ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა ბრიუსელს მიმართავს, უკრაინული ხორბლის იმპორტზე შეზღუდვა 15 სექტემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს

ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა – ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი ბრიუსელს მიმართავენ, უკრაინული ხორბლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა 15 სექტემბრის შემდეგაც გაახანგრძლივოს.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნადმა განაცხადა.

იშტვან ნადის თქმით, ხუთი ქვეყანა ერთობლივად მოითხოვს, ძალაში დარჩეს ოთხი უკრაინული პროდუქტის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა. ეს პროდუქტებია: ხორბალი, სიმინდი, რაფსი და მზესუმზირა. ამასთან, აღნიშნული პროდუქციის ტრანზიტი გაგრძელდება.

ამასთან, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი არ გამორიცხავს, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა სამომავლოდ ბრიუსელს დამატებით სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვაც მოსთხოვოს.

„ცხადია, რომ უკრაინის მიერ, მისი უზარმაზარი ზომის გათვალისწინებით, ევროპაში ექსპორტის განხორციელება იწვევს ბაზრის უარყოფით რეაქციას. ასეთივე სიტუაციაა ქათმის ხორცთან, კვერცხთან და თაფლთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო გადაზიდვა ძვირი ჯდება და მიმართავს ევროკავშირს, უკრაინას ან გემების მფლობელ კომპანიებს შესთავაზონ სატრანზიტო გადაზიდვების პროგრესული სუბსიდირება, რათა მარცვლეული ალტერნატიულ პორტებში გადაიტანონ, რომ ევროპულ ბაზრებზე ზეწოლა შემცირდეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ცენტრალური ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებამ, შესაძლოა, აღნიშნულ ხუთ ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის ნაკადის ზრდა გამოიწვიოს.

ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების მოქმედება 17 ივლისს შეჩერდა, როდესაც რუსეთმა ის დატოვა. უკრაინამ თურქეთსა და გაერო-ს მიმართა, მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება რუსეთის გარეშე გაგრძელდეს. რუსეთში განაცხადეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ მოსკოვის გარეშე გაგრძელება რისკების შემცველი იქნება.