„როიტერი“ - ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, ნათქვამია, რომ უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად შვიდიდან ორი პირობა დააკმაყოფილა
ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, ნათქვამია, რომ უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად შვიდიდან ორი პირობა დააკმაყოფილა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ევროკავშირის ორმა მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ უკრაინა ამ დროისთვის ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ესენი ეხება სასამართლო რეფორმას, მედიის შესახებ კანონს და განაცხადა, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იქნება დადებით მხარეებზე.
„არის პროგრესი, ანგარიში ზომიერად დადებითი იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებაზე, არამედ პროგრესის აღიარებაზე“, – განუცხადა „როიტერს“ ოფიციალურმა წყარომ.
სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ყველაფერი დამაკმაყოფილებელი არ არის და რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია.
„უკრაინის მიმართ ამ მომენტში ნეგატიურ ტონს არასდროს მივიღებთ. სასამართლო სისტემის რეფორმებმა გარკვეული პროგრესი განიცადა, თუმცა რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია. ყველაფერი არ არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ოფიციალურმა წყარომ.
ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინას შვიდი პირობა დაუწესა, მათ შორის სასამართლო რეფორმა და კორუფციის შეზღუდვა. უკრაინას მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს სურს. როგორც „როიტერი“ იუწყება, 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაიწყება უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებები. სააგენტოს ცნობით, კვალიფიკაციის მისაღებად უკრაინას მოუწევს თავისი კანონების შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის მრავალ სტანდარტთან. როგორც „როიტერი“ იტყობინება, უკრაინის წევრობის გზას წლები დასჭირდება და ცოტას სჯერა, რომ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს ევროკავშირს რუსეთთან ომის მიმდინარეობისას.