„როიტერი“ - ევროკავშირი სანქციების დაწესებას 31 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის გეგმავს
ევროკავშირი სანქციების დაწესებას 31 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის გეგმავს, მათ შორის ქვეყნის შს მინისტრისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირში სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, „შავ სიაში“ არ იქნება ალექსანდრ ლუკაშენკო, თუმცა მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ სია შესაძლოა, ჯერ კიდევ შეიცვალოს.
სასანქციო სიაზე ფორმალური შეთანხმება 21 სექტემბერს უნდა შედგეს, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დანიშნული. სანქციები კი, 22 სექტემბრიდან ამოქმედდება.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გერმანიას, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, ბელარუსთან დიალოგისთვის მეტი დრო სურს და გამოდის ინიციატივით, რომ ბელარუსის პრეზიდენტისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა შემდგომი ეტაპისთვის დაიტოვოს.
„თავდაპირველად 14 სახელზე შევთანხმდით, თუმცა ბევრი წევრი სახელმწიფოსთვის ეს საკმარისი არ იყო. ახლა მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ სიას კიდევ 17 სახელი დავამატოთ. ისინი არიან მაღალჩინოსნები, რომლებიც არჩევნების ჩატარებაზე, ძალადობასა და დემონსტრანტების დარბევაზე არიან პასუსიხსმეგებელნი“, – განუცხადა „როიტერს“ ანონიმურად ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ბელარუსს სანქციები ბალტიის ქვეყნებმა დაუწესეს. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მირ გამოქვეყნებულ შავ სიაში მოხვდნენ ბელარუსის პრეზიდენტი, შს მინისტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები.