„როიტერი“ - ერაყის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებები დგანან
„როიტერი“ - ერაყის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებები დგანან

ერაყის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებები დგანან, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წყაროებმა, რომლებმაც სააგენტო „როიტერთან“ ანონიმურად ისაუბრეს, განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ერაყის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ირანული წარმოების იყო.

გარდა ამისა, ერაყის უსაფრთხოების ძალებისა და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თავდასხმა ირანთან დაკავშირებული გასამხედროებული დაჯგუფებებიდან ერთ-ერთმა ჩაიდინა. საუბარია „კატაიბ ჰეზბოლასა“ და „ასაიბ ალ ჰაქზე“. დაჯგუფებების წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. კომენტარი არ გაუკეთებია ირანის ხელისუფლებასაც.

უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე თავდასხმა გასულ დღეს მოხდა. მუსტაფა ალ-კადიმი უვნებელი გადარჩა, თუმცა არსებული ცნობებით, დაშავდა მისი პირადი დაცვის რამდენიმე წევრი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობა და მანქანა. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.