„როიტერი“ - დიმიტრი კოზაკი ვლადიმერ პუტინს არწმუნებდა, რომ უკრაინასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც თავიდან იქნებოდა არიდებული უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება და ქვეყანაში შეჭრა საჭირო აღარ იყო
„როიტერი“ - დიმიტრი კოზაკი ვლადიმერ პუტინს არწმუნებდა, რომ უკრაინასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც თავიდან იქნებოდა არიდებული უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება და ქვეყანაში შეჭრა საჭირო აღარ იყო

სააგენტო „როიტერმა“ სამ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკი უკრაინაში შეჭრამდე არწმუნებდა პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ მან უკრაინელებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც თავიდან იქნებოდა არიდებული უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. „როიტერის“ ცნობით, კოზაკმა პუტინს განუცხადა, რომ უკრაინული მხარის მიერ დადებული გარიგების წყალობით, უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის საჭიროება აღარ იყო.

სააგენტოს წყაროების ცნობით, საპასუხოდ, პუტინმა მკაფიოდ განმარტა, რომ კოზაკის მიერ მიღწეული შეთანხმება არ არის საკმარისი და  მან გააფართოვა თავისი მიზნები უკრაინის ნაწილების ანექსიის მიმართულებით, რის შედეგადაც გარიგება ჩაიშალა.

როგორც სააგენტო წერს, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ალბათობა იყო ის მოტივაცია, რის გამოც მიიღო პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების გადაწყვეტილება. პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ ნატო-ს გაფართოება და ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება საფრთხეს უქმნის რუსეთს, მიუხედავად ალიანსის ხელმძღვანელობისა და შეერთებული შტატების არაერთგზის დარწმუნებისა, რომ უკრაინის შესვლის საკითხი არ განიხილება.

დიმიტრი კოზაკი ვლადიმერ პუტინთან ერთად ჯერ კიდევ 90-იან წლებში მუშაობდა, როდესაც ამჟამინდელი რუსეთის პრეზიდენტი სანკტ-პეტერბურგის მერის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, 2020 წლიდან, სწორედ მას ჰქონდა დავალებული უკრაინელებთან მოლაპარაკებების წარმოება რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებული დონბასის საკითხზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „როიტერთან“ საუბრისას უარყო ზემოაღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და მას არასწორი უწოდა. „როიტერის“ ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი პირდაპირი პასუხი არ გაუციათ შეთანხმების შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსული მხარე არასოდეს ყოფილა დაინტერესებული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.

როგორც „როიტერი“ წერს, ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, კოზაკი კვლავ იკავებს კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მაგრამ სააგენტოს წყაროები ირწმუნებიან, რომ მას აღარ აქვს საერთო უკრაინის საკითხებთან.