„როიტერი“ - ცხრა ევროპული ქვეყანა აპროტესტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გეგმას, განაახლოს მისიები რუსეთში
ცხრა ევროპული ქვეყანა აპროტესტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გეგმას, განაახლოს მისიები რუსეთში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გეგმის მოწინააღმდეგე ქვეყნები აცხადებენ, რომ დიალოგის აღდგენა ქვეყანასთან, რომელიც სხვა სახელმწიფოში შეიჭრა, ფონდის რეპუტაციას დააზარალებს.
„გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე უკმაყოფილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ გეგმების გამო“, – ნათქვამია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ისლანდიის, დანიის, ნორვეგიისა და პოლონეთის ფინანსთა მინისტრების წერილში, რომელიც მათ ფონდის ხელმძღვანელს, კრისტალინა გეორგიევას გაუგზავნეს.
როგორც ევროპელმა მაღალჩინსონებმა „როიტერს“ განუცხადეს, კრისტალინა გეორგიევა ესწრება ბუდაპეშტში ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრას და ევროპელი მაღალჩინოსნები მასთან აღნიშნული საკითხის განხილვას გეგმავენ.
„რა რეკომენდაცია უნდა მისცეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთს კონსულტაციების შემდეგ? როგორ მართონ უკეთესად ომის ეკონომიკა?“ – განაცხადა „როიტერთან“ ევროზონის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
წერილში ნათქვამია, რომ როგორც აგრესორმა ქვეყანამ, რუსეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შედეგად სარგებელი არ უნდა მიიღოს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ფონდის გეგმები შეამცირებს დონორი ქვეყნების სურვილს, მხარი დაუჭირონ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივების საშუალებით, რადგან ეს ორგანიზაციისადმი ნდობას ძირს გამოუთხრის.
„დონორებს შეუძლიათ, აირჩიონ სხვა ინსტიტუტები, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი ან რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკი“, – განუცხადა „როიტერს“ წყარომ.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოსკოვთან ყოველწლიური კონსულტაციები შეაჩერა, თუმცა 2 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსეი მოჟინმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ფონდი ონლაინკონსულტაციებს 16 სექტემბერს განაახლებს. მისი თქმით, ასევე იგეგმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად.