„როიტერი“ - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, სუდანის დედაქალაქში ინტენსიური სროლის ხმა ისმის
„როიტერი“ - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, სუდანის დედაქალაქში ინტენსიური სროლის ხმა ისმის

სუდანის დედაქალაქ ხართუმში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ინტენსიური სროლის ხმა ისმის, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, სუდანი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქვეყნის დედაქალაქს, ოთხი დღეა, არ მიეწოდება ელექტროენერგია. ასევე აცხადებენ, რომ ხართუმში საკვებისა და სასმელი წყლის მწვავე დეფიციტია.

„როიტერის“ ინფორმაციით, სუდანში დაპირისპირების დაწყების დღიდან 17 საავადმყოფო დაზიანდა. ხართუმში 88 საავადმყოფოდან 60 არ ფუნქციონირებს. დანარჩენები კი მოქალაქეების მხოლოდ ნაწილობრივ ემსახურება.

სუდანში, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დაახლოებით 100 000 ადამიანმა მოახერხა სუდანიდან მეზობელ ქვეყნებში გადასვლა.