„როიტერი“ - ბარაკ ობამა ჯო ბაიდენს 11 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობის შეგროვებაში დაეხმარა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ჯო ბაიდენს 11 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობების შეგროვებაში დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შემოწირულობების შეგროვების ღონისძიება ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 175 ათასი დონორიდან 7,6 მილიონი დოლარი შეგროვდა. გარდა ამისა, ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა ვირტუალური ღონისძიების ნაწილი ჟურნალისტებისთვის დახურულ რეჟიმში ჩაატარეს და მის ფარგლებში 3,4 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, შეგროვებული შემოწირულობების ოდენობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ბარაკ ობამას მიმზიდველობის ძალა, რადგან ის კვლავ რჩება პოპულარულ ფიგურად დემოკრატებში და ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის საკვანძო ფიგურად მოიაზრება.