„როიტერი“ - ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცები 2021 წლის მაისის შემდეგაც დარჩებიან, რაც აშშ-ისა და „თალიბანის“ შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში მოდის
ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცები 2021 წლის მაისის შემდეგაც დარჩებიან, რაც აშშ-ისა და „თალიბანის“ შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში მოდის, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერი“ წერს, რომ შეთანხმების დარღვევამ შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს, რადგან რადიკალური მოძრაობა ქვეყნიდან უცხოელი სამხედრობის სრულად გაყვანას ითხოვს.
„აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, პოლიტიკაში ცვლილებები იქნება. ნაჩქარევი გაყვანის გეგმა გადაიხედება. ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტად გათვლილი გასვლის სტრატეგიის შექმნა“, – აცხადებს „როიტერის“ წყარო.
გასული წლის დასაწყისში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „თალიბანთან“ შეთანხმება გააფორმა, რომელიც თალიბების მხრიდან გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების შესრულებას ითვალისწინებს.