„როიტერი“ - აშშ-ში თებერვალში, საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, სამომხმარებლო ფასები გაიზარდა
აშშ-ში თებერვალში სამომხმარებლო ფასები გაიზარდა საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, ზედიზედ მეორე თვეა, ქვეყანაში ინფლაციის მდგრადი მაჩვენებელია. გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და ინფლაცია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი დომინანტური თემაა.
„როიტერის“ მასალაში ნათქვამია, რომ, აშშ-ის შრომის დეპარტამენტის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასულ თვეში 0,4%-ით გაიზარდა, იანვარში კი აღნიშნული მაჩვენებლის ზრდამ 0,3% შეადგინა. კერძოდ, ამავე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბენზინის ფასი თებერვალში 3,8%-ით გაიზარდა, იანვარში დაფიქსირებული 3,3%-იანი კლების შემდგომ. რაც შეეხება საცხოვრებლის ღირებულებას, ქირის ჩათვლით, ფასები თებერვალში 0,4%-ით გაიზარდა, წინა თვეში 0,6%-ით გაზრდის შემდეგ. ამასთან, უწყების ცნობით, თებერვალში უცვლელი დარჩა სურსათის ფასი, რომელიც იანვარში 0,4%-ით გაიზარდა.
„როიტერი“ წერს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,2%-ით არის გაზრდილი.