„როიტერი“ - აშშ-სა და შვედეთის ანტიკორუფციული უწყებები განიხილავენ საჩივარს, რომელშიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის შვილი ფიგურირებს
აშშ-სა და შვედეთის ანტიკორუფციული უწყებები განიხილავენ საჩივარს, რომელშიც საუბარია, თითქოს ამერიკული კომპანიის შვედური ფილიალი, კორუფციული გარიგების მიზნით, ათობით მილიონი დოლარის გადახდას დაჰპირდა ორ კომპანიას, რომელთა სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც არის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შვილი – ბილალ ერდოღანი, იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანის ადმინისტრაცია მიიღებდა რეგულაციებს, რომლითაც კომპანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ბაზარზე დომინანტურ პოზიციას დაიკავებდა.
როგორც „როიტერის“ სტატიიდან ირკვევა, საბოლოო ჯამში, ქრთამის სახით თანხა არ გადახდილა, რადგან შვედურმა კომპანია Dignita Systems AB-მა გასულ წელს მოულოდნელად უარი თქვა პროექტზე.
თავად ბილალ ერდოღანმა ადვოკატის მეშვეობით განაცხადა, რომ გარიგებასთან დაკავშირებული ეს განცხადებები „სრულიად არასწორი“ და „სიცრუის ქსელია“.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურშიც. ფიზიკური პირის მიერ აპრილში წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და შვედეთის პროკურატურამ სპეციალურ აგენტსა და გამომძიებელს დაავალეს წინასწარი მოკვლევა და განსაზღვრა, დაირღვა თუ არა ამერიკული ან შვედური კანონმდებლობა, თუმცა წინასწარი მოკვლევა, შესაძლოა, საქმის აღძვრამდე არ მივიდეს.